კლანური მმართველობის დაშლას გამოიწვევს - ჯანეზაშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე
ყოფილი მოსამართლეები მოქმედ მოსამართლეებს მოუწოდებენ ხმა აიმაღლონ და კლანის მოსამართლე წევრების გზას არ გაყვნენ.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება 4 მოსამართლის დასანქცირების თაობაზე კლანის დასასრულის დასაწყისია.
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმ თვალსაზრისით, რომ გამოიწვევს ეტაპობრივად სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეცვლას და იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები, სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ამ სიაში არ მოხვედრილან, რომლებიც არიან გამორჩეულები კეთილსინდისიერებით მიიღებენ მხედველობაში ამ გადაწვეტილებას, აშშ-ს ამ ოთხი პირის დასანქცირებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ შიგნით პროცესები იქნება უფრო დემოკრატიული. რომ დავაკვირდეთ ჩვენ, როგორ განვითარდება მოვლენები ასე სწრაფად ეს გარდატეხა ცხადია, რომ შეუძლებელი არის, ვინაიდან წლები დასჭირდა აი ამ კლანის ჩამოყალიბებას მურუსიძის გარემოცვის, ასე ვთქვათ აი ამ ფორმით შექმნას, ამიტომ დრო იქნება საჭირო, მაგრამ მაინც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს შიგნით კლანური მმართველობის დაშლას“ - ნაზი ჯანეზაშვილი.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.