ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთმა ტვირთების გატანა დაიწყო - საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს
ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთმა ტვირთების გატანა დაიწყო, თუმცა საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე ერთი საპროტესტო ნოტაც კი არ გაუგზავნია არსად, იმისთვის, რომ ეს ფაქტი დაეგმო. საქონელს რუსეთი აფხაზეთის გავლით თურქეთს აწვდის.
არსებობს ვარაუდი, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ სანქციების ასარიდებლად ახალი გზა გაჭრა.
პირველი მატარებელი ათობით კონტეინერით სოხუმში უკვე შევიდა. ახალი ტრანზიტის ფაქტი უკვე აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამაც დაადასტურა.
„ცოტახნისწინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი დაუბრკოლებლად შემოვიდა საბაჟო სამსახურის მხრიდან, არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტებიც. აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებით. იქ საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრს მეტყველებს. დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც ამბობენ ჩვენი სახლემწიფოს ბიუჯეტი კაპიკობით შეივსება.“- ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელი.
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს საგარეო სამინისტროს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონოდა და უწყებაში დაბარებული უნდა ყოფილიყო თურქეთის ელჩი საქართველოში.
„თურქეთი მოქმედებს თითქოსდა აღიარების პრინციპიდან გამომდინარე, რადგანაც საბაჟო საბუთებს აფხაზეთის ატარებს. აი ეს არის პრობლემა. ამიტომ, მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მკვეთრი რეაგირება გააკეთოს ამისათვის. ეს პირველი არ არის და საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთის ელჩი, რომელიც არის საქართველოს ელჩი თურქეთში უნდა მივიდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის და მკვეთრად გამოხატოს ნეგატივი და შეჩერდეს ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ასეთი პრეცენდენტის დაშვება, ესეიგი საბაჟო გადასახდელი დოკუმენტის და აფხაზეთის გატანა თურქეთში ტვირთის, გამოიწვევს შემდგომში უფრო დამძიმებულ ხასიათს ამ მიმართულებით. ხელისუფლებას არა აქვს არანაირი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არც სამართალდამცავების მხრიდან, არც ეკონომიკის მხრიდან . ხდება, მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გაკეთება და ეს ხდება მიზეზი იმ უკონტროლობისა, იმ ქმედებისა, რასაც აკეთებს ოკუპანტი ქვეყანა სეპარატისტი ლიდერების გამოყენებით და ამიტომ დროზეა საჭირო შემუშავდეს გრძელვადიანი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.“ - ამბობს პაატა დავითაია.