"კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - სანქცირებული მოსამართლის პირველი კომენტარი

06.04.23 11:50
"კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - სანქცირებული მოსამართლის პირველი კომენტარი

მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე ამერიკის მიერ მისი სანქცირების შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.

ამის შესახებ მოსამართლე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.

"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას", - წერს ცერცვაძე. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.