ამერიკის ხელისუფლების პირველი განმარტება ქართველი მოსამართლეების დასანქციების შემდეგ

06.04.23 13:05
ამერიკის ხელისუფლების პირველი განმარტება ქართველი მოსამართლეების დასანქციების შემდეგ

ამერიკის ხელისუფლების პირველი განმარტება ქართველი მოსამართლეების დასანქციების შემდეგ. "ველაპრაკებოდით დიდი ხანი საქართველოს მთავრობას სასამართლოზე" - ამბობს შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი "ბი ემ ჯის"-თან ინტერვიუში.

"ტვ პირველის" პარტნიორ მედიასთან საუბრისას, პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანი ხსნის, თუ რატომ დაუწესდა სანქციები მოსამართლეებს და რა ზიანი მოაქვს კორუმპირებულ სასამართლო სისტემას ხალხისთვის. 

„გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იხილეთ, გაგრძელებაა ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი საუბრებისა ჩვენს მეგობრებთან საქართველოს მთავრობაში. ეს ეხება დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას დიდი ხანია ვესაუბრებით. მოგეხსენებათ, რომ სასამართლო რეფორმა იმ 12 წინაპირობას შორისაა, რის შესრულებასაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მისაღებად და საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ეს გადაწყვეტილებაც ამ უწყვეტი საუბრის ნაწილია. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვისაც გადამაწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მთავარი ნაბიჯი, რაც საქართველომ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესოს ეს სასამართლო რეფორმის გატარებაა და ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოს მთავრობაში, იმისთვის რომ ამას მივაღწიოთ.“ - ამბობს სავაჭრო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.