სანქცირებაზე უმაღლესი თანამდებობის პირების რეაქცია იყო კატასტროფული - ბოკერია

06.04.23 15:26
სანქცირებაზე უმაღლესი თანამდებობის პირების რეაქცია იყო კატასტროფული - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქციერებაზე "ოცნების" რეაქციას კატასტროფულს უწოდებს.

ბოკერია ასევე კატასტროფულს უწოდებს მინისტრ დარჩიაშვილის წერილსაც და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები იზოლაციაში ახდენს საქართველოს თავისუფალი სამყაროსგან.

„კატასტროფული განცხადებაა, ჩვენი პარტნიორების ჩანაწერებს გაჩვენებთო, ან გვაქვს და არ ვიცით გაჩვენებთ თუ არაო, სადაც ისინი ამხელენ მათ საქართველოს მტრობაში. რეაქცია ამ უპრეცედენტო ამბავზე, სანქცირებაზე უმაღლესი თანამდებობის პირებისა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ქართველი ხალხის პარტნიორის მხრიდან, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იზოლაციისკენ. მინისტრის წერილი, ასეთი რეჟიმის ყოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთის კატასტროფაა, იმიტომ, რომ იზოლაციაში გვახდენს თავისუფალი სამყაროსგან თავის პოლიტიკური კორუფციით“ - გიგა ბოკერია.

დარჩიაშვილი გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს მოსამართლეთა სანქცირებას. 

სამინისტრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებებს ითხოვს და მოუწოდებს მას გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.

გავრცელებულ წერილში, დარჩიაშვილი  წერს, რომ აღნიშნული გაადწყვეტილება არის სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.