"აშშ-ის მხრიდან ჩარევებზე გვაქვს ინფორმაცია და მტკიცებულებები" - კლანის რეაქცია სანქციებზე

06.04.23 18:44
"აშშ-ის მხრიდან ჩარევებზე გვაქვს ინფორმაცია და მტკიცებულებები" - კლანის რეაქცია სანქციებზე

მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გარკვეული ინფორმაციის ქონაზე აკეთებენ კომენტარს.

"ფაქტებსა და ინფორმაციის" ქონაზე კომენტარი გააკეთა დიმიტრი გვრიტიშვილმა და თქვა, რომ ყველაფერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწვდის, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია: 

"პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერმინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი,  პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამიტომ მას, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მივმართეთ, მოგვისმინოს. ჩვენ გარკვეული ინფორმაციები, გარკვეული ფაქტები, რომელსაც მივაწვდით და დაველოდებით შემდგომ რეაგირებას". - ამბობს გვრიტიშვილი. 

"მტკიცებულებების" გასაჯაროებით იმუქრება დასანქცირებული ლევან მურუსიძეც: 

მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს - თქვა მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.