ეს გადაწყვეტილება მიუღებელია, წარადგინონ მტკიცებულებები - კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე
თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს და ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება მოსამართლეების დასანქცირების შესახებ აბსოლუტურად მიუღებელია.
კალაძე ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიქმება დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
„გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს. სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველოში მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი სწორ ანალიზს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.