მოსამართლეებისთვის კორუმპირებული იარლიყების მიწებება მიუღებელია, პარტნიორები ასე არ იქცევიან - პაპუაშვილი
ელჩმა მითხრა, რომ ეს აშშ-ს სახ.დეპის გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებზეა დაფუძნებული - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილმა იმედგაცრუება გამოთქვა და განაცხადა, რომ პარტნიორები ასე არ იქცევიან და მოსამართლეებისთის კორუმპირებულის სტატუსის მინიჭება მძიმე გადაწყვეტილებაა.
„ვისაუბრეთ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია და ეს არის სავიზო შეზღუდვა და ეს ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო და ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად, სავარაუდოდ დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია ალბათ აქ არ გამოიყენება. ამავე დროს, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებითი როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა წყაროებში არსებობს. თუმცა სპეციფიურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მე ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ ადამიანების საქართველოს მოქალაქეებს ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათ, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.