სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, შეგვხდეს პრემიერი - შქმერის მოსახლეობის პროტესტი ღარიბაშვილის სამსახურთან

08.04.23 15:21
სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, შეგვხდეს პრემიერი - შქმერის მოსახლეობის პროტესტი ღარიბაშვილის სამსახურთან

ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან პროტესტია. რაჭველები პრემიერ მინსიტრთან შეხვედრას ითხოვენ. სოფელ შქმერის მკვიდრები მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ერთი მოთხოვნით მივიდნენ, სურთ მიიღონ პასუხები, რატომ არ ისჯება წლების განმავლობაში "ჯორჯიან მანგანეცის" შვილობილი კომპანია, რომლის საქმიანობის გამოც სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის.

იმისთვის, რომ ადგილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეჩერდეს, საჭიროა წიაღისეულის მომპოვებელ ორ კომპანიას ლიცენზია შეუჩერდეს. ამ მოთხოვნით ადგილობრივებმა არაერთი აქცია გამართეს, ასევე შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სასარგებლო წიაღისეულის მინერალების სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე არცერთი უწყებისგან რეაგირება არ ყოფილა. 

შქმერის მოსახლეობა ხელმოწერით ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ შქმერიდან მანგანუმის გატანის წინააღმდეგნი ვართ. გვეუბნებიან, რომ თქვენ არ ხართ მართლები, პარალელურად კი აჯარიმებენ ორივე კომპანიას. თუ ეს ორი კომპანია მართალია და კარგად იქცევა, რატომ აჯარიმებ და რატომ არ ვართ ჩვენ მართლები. ბატონი ნადრო, პირი, ვის სახელზეც მოვიდა წერილი, არ გამობრძანდება და არ გვხვდება მოსახლეობას, ამიტომ გადმოვინაცვლეთ კანცელარიასთან,  მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ შეხვდეს თავის მოქალაქეებს, გაიგოს ჩვენი მოთხოვნები, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით შქმერის განადგურებას". - ამბობს შქმერის მკვიდრი. 

აქციის დასრულების შემდეგ, შქმერის მოსახლეობა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე ერთობლივ წერილს შეიტანენ.

ზემო რაჭის სოფელში მანგანუმის მოპოვებას ორი კომპანია - შპს "ტექნოლოჯი" და შპს "ნორთი" - უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ადგილობრივებმა კომპანიებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ლიცენზია კვლავ ძალაშია.