გვინდა ძლიერი და სწრაფად განვითარებული ქვეყანა? მაშინ ესაა გზა - მამუკა ხაზარაძე
"ლელო - საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის 34-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ და სწრაფი განვითარებისკენ წაიყვანს.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში დამნაშავე არა მარტო "ქართული ოცნებაა", რომელიც ძალაუფლების შენარჩუენაბაზეა ორიენტირებული, არამედ ოპოზიციაც.
ხაზარაძე წერს, რომ ახლა ყველაზე მნიშველოვანი ერთიანობა და ის გეგმაა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა საზოგადოებას უნდა შესთავაზონ.
9 აპრილი დიდი ერთიანობის, თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის, ქართველი ერის ერთად ბრძოლის და გამარჯვების დღეა.
რა გვასწავლა, რა დასკვნები გავაკეთეთ? ამ 34 წლის მანძილზე, ყოველ წელს გავდივართ რუსთაველზე და 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს პატივს მივაგებთ, მაგრამ სადაა ის ერთიანობა, სადაა ის ბრძოლის ჟინი თავისუფლებისთვის, ნუთუ მივაღწიეთ საწადელს, ნუთუ გავხდით თავისუფლები? აღვადგინეთ ქვეყნის საზღვრები? ავაღორძინეთ ეკონომიკა? გავხდით რეგიონში წამყვანი ქვეყანა? და გვაქვს ძლიერი ბიუჯეტი, რომელსაც თურმე მარტო "ბორჯომი" შეავსებდა? არა, ვერ და თუ ასე გავაგრძელეთ, კიდევ დიდხანს ასე იქნება.
დღეს საქართველო უფრო რთულ მდგომარეობაშია რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და უკრაინაში ომის გამო. "ოცნების" სახით, ქვეყანს მართავს კოლაბორაციონისტთა მცირე ჯგუფი, რომელთა ამოცანა მარტივია, შეინარჩუნონ ძალაუფლება და დაუყვავონ აგრესორსა და ოკუპანტს. ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც მომავალ წლებში უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების საშუალებას მოგვცემს.
უნდა ეს "ქართულ ოცნებას"? არა, არათუ არ უნდა, ამ პროცესს შეგნებულად აფერხებს. მარტო ხელისუფლების ბრალია, რა მდგომარეობაშიცაა ქვეყანა? რა თქმა უნდა, არა, ოპოზიციამ უამრავი შეცდომა დაუშვა ბოლო წლების განმავლობაში. ოპოზიციაშივე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც "ოცნების" თამაშს თამაშობდნენ. ფუჭი მოლოდინების შექმნით, ოპოზიციურმა ძალებმა ამომრჩეველს იმედები გაუცრუეს.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ 9 აპრილის, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის მუხტი ბოლომდე მივიყვანოთ და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ, რაც ჩვენ ქვეყანას ახლა და ამ მომენტში აქვს. ამისათვის საჭიროა კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომელსაც დაეთანხმება ოპოზიციის ყველა სუბიექტი, ამომრჩეველმა არჩევნებამდე უნდა იცოდეს, რა გეგმითა და კონფიგურაციით იმოქმედებს ოპოზიცია როცა ის არჩევნებს მოიგებს, როგორი იქნება კოალიციის კონტურები, რა რეფორმები გატარდება და რა დროში, როგორ აისახება ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, გვინდა ძლიერი და სწრაფად განვითარებული ქვეყანა? მაშინ ესაა გზა. არის ამის მუხტი? კი, არის - ჩვენს ახალგაზრდობაში, ემიგრაციასა და იმ ხალხში, რომელსაც სამშობლო თავის სკამსა და მოჩვენებით კომფორტზე უფრო უყვარს, ა- წერს მამუკა ხაზარაძე.