თალაკვაძე ენმ-ს აქციაზე: ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს

10.04.23 12:00
თალაკვაძე ენმ-ს აქციაზე: ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს

"ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო"- ასე აფასებს  პარლამენტის ვიცე- სპიკერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართულ აქციას. 

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს.

ეს აქცია ვერ შედგა, რადგან ის იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა ლიდერები, რომელსაც ენდობა საზოგადოება, ის იყო ისტორიის ან ისტორიაზე რაიმეს გადაწერის მცდელობა, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. საკადრისი პასუხიც ნახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - მათივე მხარდამჭერები არ მივიდნენ აქციაზე, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო.

რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბრიფინგის დაწყებამდე ლიდერების დაპირისპირება და ჩხუბი ერთმანეთში, თუ ვის უნდა ბრიფინგი, ვნახეთ „ქოლგის შტაბი“, თუ რაღაც უცნაური სახელი ერქვა, სადაც ყველა ერთად შეიკრიბა, ვინც ადრე ერთმანეთს ვერ იტანდა, იმ შტაბის დაშლაც ვნახეთ და ახლაც ვნახეთ, რომ ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს იყოს გაზაფხული. ამ როლების გადანაწილებაში ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მეტი იმედგაცრუება მოაქვთ ოპოზიციური ელექტორატისთვის" - განაცხადა თალაკვაძემ.