"ლელოს" ლიდერები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პარტია "ლელოს" ლიდერები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. განცხადება "ლელოს"გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ადვოკატთან ერთად გააკეთა.
ჯაფარიძის განცხადებით, ქართველმა და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის, იმ დევნის შესახებ, რომელიც 4 წელია მასსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ჯაფარიძის თქმით, დევნის უკან "ქართული ოცნება" და მისი დამფუძნებელი დგანან:
დღეისათვის ყველაფერი ნათელია, როგორ უმსგავსოდ მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოში იმ კლანის დაკვეთით, რომელიც სანქცირებული იქნა შეერთებული შტატების მიერ და სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს წინააღმდეგ.
ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაჩეროთ ჩვენი ბრძოლა. ამ კამპანიის და ამ პოლიტიკური დევნის მიზანი იყო ჩვენი რეპუტაციის, ჩვენი სახელის შებღალვა, რომელიც არ გამოუვიდათ, რადგან ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყველა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ერთხმად და ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი.
ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს სრულად დაქვემდებარებულია, ჩვენ ვაპირებთ ყველა ინსტანცია ამოვწუროთ, ყველა შესაძლებლობა ამოვწუროთ, მანამ სანამ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს.
შესაბამისად, დღეს ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მთელი ეს პროცესი იყო კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიმართული. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ სარჩელით კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რაოდენ სამარცხვინო იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სასამართლოს მიერ", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.