მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მადლობა ღარიბაშვილს და მხარდაჭერა სანქცირებულ მოსამართლეებს

10.04.23 13:38
მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მადლობა ღარიბაშვილს და მხარდაჭერა სანქცირებულ მოსამართლეებს

"დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში" - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლოს სისტემისთვის"- განაცხადა ქადაგიძემ. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში კორუფციის არსებობის თაობაზე განცხადებებს ვერ მიიღებს.

წლების განმავლობაში სასამართლო იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე, ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ისეთი ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე.

ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, რამედ ვარაუდი და მინიშნებებიც კი იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები მათი და თითოეული ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი", - თქვა ნინო ქადაგიძემ. 

 იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც აფასებს და ამბობს, რომ აშშ-მ "შეცდომა უნდა აღიაროს". 

მე ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მე ვთვლი, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან. ამიტომ, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდი იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება"- დასძინა მან.