პრემიერის პირველი კომენტარი სანქციებზე: არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, დიდ კითხვის ნიშანს აჩენს
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას დღეს პირველად გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას "სამწუხაროს და გაუგებარს" უწოდებს:
"არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება"- თქვა პრემიერმა.
მისი თქმით, პარტნიორებთან კომუნიკაცია უკვე შედგა და "არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი".
ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ვინმეს ასეთი ფაქტები აქვს, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა “,- თქვა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ამაყობს ქართული სასამართლოთი":
მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას"- დასძინა მან.
მეტიც, პრემიერის მტკიცებით, ქართული სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში:
4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში. ამას ადასტურებს, კვლევები - მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი, საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.