ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება! - ოქრიაშვილი
„ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება!“ - ამის შესახებ პარტია, "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი სპეციალურ განცხადებაში საუბრობს.
კახა ოქრიაშვილს ალბანეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა.
ამასთან, პოლიტიკოსის განცხადებით, უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა ქვეყნის პროგრესის ამუხრუჭებს.
ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.
როგორც ჩანს, პროცესები მართლმსაჯულების სისტემაში იმგვარად ვითარდება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება. ამის მაგალითი არსებობს ალბანეთში, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა და მოისპო სასამართლოზე ზეგავლენის ბერკეტები. ამით სისტემა რეალურად დამოუკიდებელი გახდა და მას შეუძლია ბრალი წაუყენოს ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მაღალჩინოსანს. ეს დღეს საქართველოში წარმოუდგენელია, რადგან სასამართლო ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება!