მურუსიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია
"არაფრის გვეშინია, დადექით მედგრად"- ამის შესახებ ამერიკის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ "პირველად საქართველოს ისტორიაში, სასამართლო არის ხელისუფლება".
პრემიერს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. მინდა, მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა პირადად ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება.
ფიქრობდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგან კორუფციის იარლიყს მოგაკრავდნენ, ვერ გავბედავდით ხმამაღლა გველაპარაკა, ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს", - თქვა მურუსიძემ.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.