„ოცნება“ და სასამართლო „კლანი“ ერთმანეთს კვებავს - დეკანოიძე ურთიერთშანტაჟზე საუბრობს

10.04.23 17:49
„ოცნება“ და სასამართლო „კლანი“ ერთმანეთს კვებავს - დეკანოიძე ურთიერთშანტაჟზე საუბრობს

მთავრობა "სასამართლო კლანის" შანტაჟს დაექვემდებარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ხელისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელო შტო უნდა იყოს - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

"ძალიან საგულისხმოა ეს ფაქტი. ჩვენ მოვისმინეთ მურუსიძის განცხადება, რომელიც იყო შანტაჟი „კლანის“ მხრიდან ხელისუფლებაზე, ამ შანტაჟს დაემორჩილა "ქართული ოცნება", რადგან ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და კვებავენ ერთმანეთს "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი. ამის შემდეგ ხვდება მათ ღარიბაშვილი და უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა სხვას არც არაფერს ველოდები, მაგრამ ის განცხადება, რომელიც გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ მიმანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს "ქართულმა ოცნებამ", ე.წ. სასამართლოსთან შეთანხმებით. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ ასე გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლებ", - განაცხადა დეკანოიძემ.

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში.