არცერთ ცილისწამებას არ ვპასუხობ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს! - პრეზიდენტი

11.04.23 10:59
არცერთ ცილისწამებას არ ვპასუხობ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს! - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ზურა ქადაგიძის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ როდიონოვის ჩექმა ქართულ პოლიციასთან არასდროს შეუდარებია და მსგავსი ბრალდების გამავრცელებელი სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფს.

არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი  არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ  4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით  ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? 
ვინც ამას ავრცელებს ის შეურადცყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს. 
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!, - წერს ზურაბიშვილი. 

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გუშინ პრეზიდენტს ნაძირალა უწოდა და თქვა, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით, მოძალადეების მხარეს (საუბარია მარტის აქციის მონაწილეებზე) დგება და საკუთარი ქვეყნის სამართალდამცველებს როდიონოვის ჯარს ადარებს.