ჩემი სურვილი იქნება, დარეგისტრირდეს ერთი კანონი - კუჭავა საარჩევნო რეფორმაზე

15.05.21 15:38
ჩემი სურვილი იქნება,  დარეგისტრირდეს ერთი კანონი - კუჭავა საარჩევნო რეფორმაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მისი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი საერთო კანონპროექტი დარეგისტრირდეს, რომელიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კონსესუსის შედეგად შეჯერდება. 

მომსწრეები ვართ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან და ბჭობენ იმ საკითხებზე, რომელიც ერთიანი საარჩევნო რეფორმა უნდა იყოს და უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. არის სხვადასხვა მოსაზრებები, არის მსჯელობა, მე ამ პროცესის მონაწილე არ ვარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ჩემი სურვილი იქნება, რომ საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდეს ერთი კანონი, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები. დღესაც იმართება შეხვედრა, დაველოდოთ, ამის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ ამა თუ იმ შეთანხმებას თუ უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უკვე დასრულების შემდეგ წარმოიშვას,“-  თქვა  კუჭავამ.

კუჭავა ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად არ მიმდინარეობს და რეფორმა შარმ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც  თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გატარდეს.

მე ვერ დავარქმევდი ამას დაჩქარებულ პროცესს, ეს პროცესი დაიწყო თებერვალში და წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და რაც ყველაზე მთავარია, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, ხოლო, ეს, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ყველა პარტია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, აუცილებელია, იცოდეს ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. აუცილებელია, რომ ეს პროცესი განხორციელდეს არა მხოლოდ კონსტრუქციულად, არამედ გონივრულ ვადებში," - თქვა კუჭავამ.

 

მსგავსი სიახლეები