მთავრობის მიზანია, ყველა კრიტიკული აზრი ჩაახშონ - მკვლევარები, პრემიერის და Meta-ს წაშლილი ანგარიშების სკანდალზე
პრემიერი და მისი ადმინსიტარცია სრული მდუმარების რეჟიმში არიან. დიდ სკანდალში გახვეულ ღარიბაშვილს და მის გუნდს იმის ახნაც კი არ სურთ, რატომ იყენებდა მთავრობის ადმინისტრაცია ყალბ გვერდებს და რატომ ეწეოდა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიცატიას.
მკვლევარები, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ასეთი ანონიმური ჯგუფების გამოვლენაზე და მათ ხელისუფლებასთან კავშირებზე, პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობის მთავარი მიზანი არის, არა რუსეთის ჰიბრიდულ ომთან ბრძოლა, არამედ დემოკრატიისა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მცველი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა.
"საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იყვნენ ნეიტრალურები და ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს, ჩაბმულნი არიან პარტიის მსახურებაში და მათი მიზანი არის ის, რომ ყველა კრიტიკული აზრი ჩაახშონ. გამოვავლინეთ შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, მთავრობის პრემიერი "სტრატკომში" დასაქმებული ადამიანი, იყენებდა სხვა მოქალაქის ფოტოს, რუსეთის მოქალაქის ფოტოს და მისი სახელით ინტერვიუებსაც კი აძლევდა სამთავრობო მედიაში, რაც პარადოქსია საერთოდ. მათ შეცვალეს გარკვეულად თავის ოპერირების ტაქტიკა იმიტომ, რომ პირველ ჯერზე გაცილებით მეტი გვერდი წაიშალა. ისინი უფრო დაქსაქსულად მოქმედებენ. ახლა ოდნავი მოდიფიცირებით იდენტური შინაარსი გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა ჯგუფებს ან ინდივიდუალურ ანგარიშებს" - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.
შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.
Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.