"ქვეყანა წინ ვერც ეკონომიკურად მიდის, გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა" - ბიზნეს სექტორი ოცნებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

04.05.23 13:28
"ქვეყანა წინ ვერც ეკონომიკურად მიდის, გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა" - ბიზნეს სექტორი ოცნებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ბიზნეს სექტორი, ხელისუფლებისგან ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს. ქვეყანაში მოქმედი 9 გავლენიანი ბიზნეს ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ბიზნეს სექტორი ამბობს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

დისტრიბუტორები, მწარმოებლები და ეკონომისტები, ოცნებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა წინ ვერც ეკონომიკურად მიდის და გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ეს ყოველივე კი სექტორისთვის მძიმე ტვირთადა ქცეული.

"ტექსტში არის ჩამოთვლილი პუნქტები, რომელსაც 9 ბიზნეს ასოციაცია უერთდება, ეს არის პირველ რიგში, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური მნიშვნელოვანი აქტი. ბიზნესის ერთიანი ხმა, რასაც ჰქვია, რომ მივაწვდინოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვჭირდება სტატუსი, ეს გულისხმობს პარალელურად ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ სამომავლოდ უნდა შევასრულოთ, ეს არის რა თქმა უნდა ანაკლიის პორტი, ასევე შავი ზღვის ენერგო კაბელი, რომელიც მე ვიტყოდი, სწორედ ანაკლიასთან ერთად ეს ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროპელ პარტნიორებთან ერთად" - განაცხადა საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზურაბ ჭუმბურიძემ.