ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან - როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო ჯგუფი გაფართოვდეს და სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.
მინდა გითხრათ, რომ მე და ბატონი რომან გოცირიძე გავაკეთებთ პოლიტიკურ ჯგუფს. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ეს არის კარგი გადაწყვეტილება, გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს, ჩემი და ბატონი რომანის პოზიცია იცით, ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საპარლამენტო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ჯერჯერობით პოლიტიკური ჯგუფის სახელწოდება არ იცით, მაგრამ მინდოდა მეთქვა და შემეტყობინებინა ეს ამბავი", - განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე განაცხადს დეპუტატები საქართველოს პარლამენტის აპარატში დღეს შეიტანენ.
ამ ჯგუფის შექმნით ჩვენ შევეცდებით, გავაძლიეროთ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ თანმიმდევრული ვიყავით ყოველთვის, მე და ხატია, მაშინაც კი, როდესაც ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არის უდიდესი რესურსი, რომლის არ გამოყენება სრული დატვირთვით არის დანაშაულის ტოლფასი.
ჩვენ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებისთვის გამოვიყენებთ ყველა ხერხს, საკანონმდებლო ინიციატივებს არ მოგაკლებთ, სულ მალე იქნება პირველივე ინიციატივა, რაც ქალბატონი ხატიას იდეა იყო და ნახავთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საჭირო, ისევე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხზე გვექნება პოზიცია. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ჩვენი ჯგუფი გაფართოვდეს, სხვებიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პირველი განაცხადი, მთელი შინაარსი იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს უკეთესად", - განაცხადა გოცირიძემ.