ჩვენთვის მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა - მდინარაძე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილს იცავს და ამბობს, რომ ბუდაპეშტში, პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ძალადობა ან უმცირესობების უფლებების დარღვევა არ იყო.
მდინარაძე პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის ლგბტ პროპაგანდა არაჯანსაღი და მიუღებელია.
"სად ნახეს ან ძალადობა ან უმცირესობების უფლებების დარღვევა, მაგრამ, როდესაც საუბარია იმაზე, გარკვეული პროპაგანდა უნდა იქნას თავს მოხვეული ეროვნული ინტერესების, კულტურის, ჩვენი წარსულის, ჩვენი ღირსების, ჩვენი ღირებულებების და ზოგადად ჩვენი საერთო ღირებულებების საპირისპიროდ, ეს არის ის, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა.
ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი არაჯანსაღი პროპაგანდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდა. მაგრამ, ჩვენ ამის წინააღმდეგ რაღაც კვაზი მეთოდებით გალაშქრებას არ ვაპირებთ. ამას მხოლოდ ჯანსაღ პროპაგანდას დავუპირისპირებთ". - ამბობს მამუკა მდინარაძე.
პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე ნათლად თქვა, რომ მისთვის არა უმცირესობის, არამედ უმრავლესობის უფლებებია მნიშვნელოვანი.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ დაუშვებს როგორც უმცირესობებზე ძალადობას, ასევე უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე და აქვე აღნიშნა, რომ ის 4 შვილის მამაა და სურს მისი შვილები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ.