სწრაფი ექსპრესივით ჩაგვიარა ივანიშვილის დაპირებებმა და საქმე იქამდე მივიდა, რომ პრასი ჰოლანდიიდან შემოდის - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი სოფლებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა თქვა, რომ სოფელში გამოთავისუფლებულ სავარგულებს ხელში იგდებენ ჩალის ფასად "ოცნების" წევრები და უცხოელები, გლეხს კი მიწა აღარ რჩება და არც მიწის დამუშავება შეუძლია უსახსრობის გამო.
ამიტომაც, ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს გლეხებისთვის თანხა გამოყოს და ივანიშვილს მის დანაპირებს ახსენებს, რომელიც გლეხებს აყვავებულ სოფლის მეურნეობას დაჰპირდა.
"სოფელი გვეცლება. გამოთავისუფლებულ სავარგულებს ხელში იგდებენ ჩალის ფასად, ახლად წარმოშობილი სამთავრობო ფეოდალები, ან ათასობით ნაკვეთი იყიდება უცხოელებზე.
მოვუწოდებ მთავრობას, მილიონები, რომელსაც ხარჯავთ შოუებსა და ბალ-მასკარადებზე, სასწრაფოდ გამოყავით სოფლის მეურნეობისთის. თითოეულ გლეხზე, რომელიც მიწის დამუშავების გარეშე დარჩება პასუხს აგებთ პიროვნულად და სამართლებრივად.
სწრაფი ექსპრესივით ჩაგვიარა ივანიშვილის დაპირებებმა და საქმე იქამდე მივიდა, რომ პრასი ჰოლანდიიდან შემოდის. სოფლის მეურნეობა პარალიზებულია. სავარგულები გადასულია მაფიის ხელში. მარტო ღარიბაშვილის ოჯახს ასობით ჰექტარი აქვს მითვისებული. ივანიშვილს იურიდიულად მითისებული აქვს ნახევარი საქართველო და შიოლაშვილი, რომელიც ერთი პარლამენტის დეპუტატი იყო, ფლობს 1500 ჰექტარ მიწას კახეთში. და ასე გრძელდება რანგირების მიხედვით და გლეხს პრაქტიკულად მიწა აღარ რჩება. ეს ნიშნავს, რომ მათ საქართველსო მოკვლა უნდათ". - ამბობს შალვა ნათელაშვილი.