ტიკარაძის, აზარაშვილის და მსგავსი პოლიტიკური აჩრდილებისთვის ჯანდაცვის სისტემის ხელში ჩაგდების შედეგებს ვიმკით - დათუნაშვილი

06.05.23 12:10
ტიკარაძის, აზარაშვილის და მსგავსი პოლიტიკური აჩრდილებისთვის ჯანდაცვის სისტემის ხელში ჩაგდების შედეგებს ვიმკით - დათუნაშვილი

 „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ჯანდაცვის სისტემის მავნელობაზე საუბრობს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა „გალტ & თაგარტის“ კვლევიდან მონაცემები მოი8ყვანა და თქვა, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში აშკარად ჩანს კორუფციის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნები.

დათუნაშვილი ამბობს, რომ ფული, რომელიც გასულ წელს ჯანდაცვაში დაიხარჯა, ნახევარზე მეტი, კონკრეტულად კი, 2.4 მილიარდი ლარი მოსახლეობის გადახდილია.

"ლელოს" წევრის თქმით, ჩვენ დღეს ვიმკით ტიკარაძის, აზარაშვილის და სხვა მსგავსი პოლიტიკური აჩრდილებისათვის ამ სისტემის ხელში ჩაგდების შედეგებს.

„ღარიბაშვილის და მისი მთავრობის მავნებლობა და არაკომპეტენტურობა, ამჯერად ჯანდაცვის სექტორში -  4.7 მილიარდი ლარიდან, რომელიც გასულ წელს ჯანდაცვაში დაიხარჯა, ნახევარზე მეტი, კონკრეტულად კი, 2.4 მილიარდი ლარი მოსახლეობის გადახდილია - ანუ, ის რაც უფასო გვეგონა, თურმე ნახევარზე მეტს, მაინც ჩვენ ვიხდით!

ეს არის მონაცემები „გალტ & თაგარტის“ კვლევიდან, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის რეფორმა ბოლო 9 წელიწადში უბრალოდ ტოტალური კრახია და ამ რეფორმით თავის მოწონება საკუთარი მოსახლეობის მოტყუებაა. მსოფლიო დონის, მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევა ამბობს რომ, მიუხედავად საყოველთაო დაზღვევის სისტემის დანერგვისა, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების 52% მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებზე მოდის.

როგორც უკვე ვთქვი, მაგალითად, 2022-ში ჯამურად დანახარჯებმა 4.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 2.4 მილიარდი პირდაპირ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფული იყო. ეს რიცხვები ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის კოლაფსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში და ის ბიუროკრატიული მონსტრი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, როგორ ვერ პასუხობს ჩვენს რეალობას. აქ აშკარად ჩანს კორუფციის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნები. რეფორმის დაწყებიდან - 2014 წელს და დღემდე, ჯანდაცვის ბიუჯეტი გასამმაგდა და საქართველოს ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი ხარჯია. სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ასეთი შედეგი ჯამურად, კორუფციული სქემების, მომპალი ბიუროკრატიის, სრულიად არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო მინისტრების კასკადის და პოპულიზმის შედეგია. ჩვენ დღეს ვიმკით ტიკარაძის, აზარაშვილის და სხვა მსგავსი პოლიტიკური აჩრდილებისათვის ამ სისტემის ხელში ჩაგდების შედეგებს. წარმოუდგენელია მთავრობის მავნებლობისა და არაკომპეტენტურობის ეს მასშტაბი - 4.7 მილიარდიდან 2.4 მილიარდ ლარს პირდაპირ ჩვენი ჯიბიდან იღებენ, როცა დეკლარირებულად საყოველთაო ჯანდაცვა სოციალური პროექტი უნდა ყოფილიყო და მოსახლეობისთვის ყოფა შეემსუბუქებინა!“ - განაცხადა დათუნაშვილმა.