მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი ფრენების აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან - გეგელია
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელია მოუწოდებს ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში.
გეგელიას ასევე საუბრობს ევროკავშირის სანქციების მთავარი წარმომადგენელის საქართველოში სტუმრობის შესახებ და ამბობს, რომ ეს მკაფიო სიგნალია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი.
საგანგაშოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ ღიად შეიძინა დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული „კამაზის“ მარკის ავტომობილები. საგანგაშოა, რომ იგივე ხელისუფლება გულმხურვალედ ესალმება რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებას, რაც შესაძლოა ქართული აეროპორტების და კომპანიების დასანქცირების მიზეზი გახდეს. იგივე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველო გადაქცეულია მზარდი ჩინური კაპიტალის ეპიცენტრად. სწორედ ასეთ ვითარებაში ეწვევა საქართველოს ევროკავშირის სანქციების მთავარი წარმომადგენელი, რომელიც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სტუმრობს სწორედ ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონს, რომელიც სანქციების ბოლო რაუნდის მთავარი სამიზნეა. ეს არის მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
„ლელო საქართველოსთვის” დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველო გახდეს სანქციების საგანი “ქართული ოცნების” პარტიული ეგოიზმის გამო. ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველისთვის, ნებისმიერი პატრიოტული პოლიტიკური ძალისთვის, სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გახდეს სანქციების მსხვერპლი და „ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო დასანქცირდეს არა კონკრეტული პირები, არამედ სრულიად ქართული სახელმწიფო, რასაც ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, რომ სანქციები მოადგა რეგიონს. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში; დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე;. დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე".- განაცხადა გეგელიამ.