როგორ მიიღო "ოცნების" დეპუტატის ქვისლმა 20 მილიონი ბიუჯეტიდან?
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - დგინდება, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ქვისლის, ლევან გოგსაძის სამშენებლო კომპანია სახელმწიფო ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს და დიდი ფულიც მიაქვს.
5 მილიონ 410 ათასი ლარი, 5 მილიონ 246 ათასი ლარი , 4 მილიონ 979 ათასი ლარი , 7 მილიონი ლარი - ეს იმ კონტრაქტების ღირებულებაა, რომელიც სახელმწიფომ ბექა ოდიშარიას ქვისლთან მხოლოდ, მხოლოდ 2023 წლის 10-დან 17 მარტის ჩათვლით გააფორმა. ეს ის პერიოდია, როდესაც პარლამენტს რუსული კანონის, პირველი მოსმენით დამტკიცების გამო, პროტესტის ქარიშხალმა გადაუარა.
20 მილიონ ლარზე, მეტს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ქვისლს საქართველოს მელიორაციის სამსახური გადაუხდის. ამ ფულით ოდიშარიას ქვისლმა დედოფლის წყაროს, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სარწყავი სისტემა უნდა გამართოს. "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ 22 მილიონი ლარი ქართული ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარის ქვისლმა უკონკურენტო ტენდერში მიიღო.
ამასთან, შესყიდვების მონიტორინგის პორტალი, ყველაზე მაღალი რისკის შემცველად სწორედ 22 მილიონი ლარის კონტრაქტს ასახელებს - არ იყო კონკურენცია, პრობლემური იყო კომპანიის გამოცდილება, პრობლემური იყო კომპანიისთვის, ფულის წინასწარ მიცემა. არ იყო ან ძალიან დაბალი იყო ფასთა კლება.
კომპანია "სმარტ სოლოუშენსი" ლევან გოგსაძემ 2015 წელს დააფუძნა. 2015 წლიდან - 2022 წლამდე მხოლოდ ორი სახელმწიფო დაკვეთა მიიღო, 130 ათასი ლარი მცხეთის მერიამ მისცა, 886 ათასი გლდანის გამგეობამ. მისი ბიზნესის აღზევება ერთი წლის წინ დაიწყო. 2022 წლის ივლისში მელიორაციის სამსახურმა პირველი ნახევარი მილიონი მისცა და ამის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ანგარიშებზე მილიონების გადარიცხვის უწყვეტი პროცესი დაიწყო.
დოკუმენტების შესწავლის შემდეგ "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ დეპუტატ ოდიშარიას ქვისლს, ლევან გოგსაძის კომპანია ტენდერს დაბალი ფასით იგებს, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებას უცვლიან და რეალურად უფრო მეტს უხდიან.
როდის და როგორ დალაგდა ხელისუფლებასთან, იყო თუ არა მისი ქვისლი ლობისტი? ლევან გოგსაძე გვიმტკიცებს, რომ დეპუტატ ნათესავს ბიუჯეტიდან წაღებულ მილიონებთან კავშირი არ აქვს.
იგივე კითხვით მისული ჟუტნალისტი "ქართული ოცნების" დეპუტატმა დაწყევლა.
20 მილიონი ოდიშარიას ქვისლს ბიუჯეტიდან - ყველა დეტალი ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟიდან