კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, იმედია, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, მაგრამ მისი თქმით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდესაც გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები ყოველთვის 50/50-ზეა.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისიც გვეკუთვნოდა და იმედს გამოთქვამს, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.
„ვთქვით, რომ ამ თვის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე, ყველა პუნქტი აუცილებლად შესრულებული იქნებოდა. ჩვენს დაპირებას ქართული საზოგადოებისა და ევროკომისიის წინაშე პირნათლად ვასრულებთ. ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი პირნათლად შესრულებული იქნება.
ყველამ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისიც გვეკუთვნოდა, რაც ევროკომისიამაც დაადასტურა. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება. როდესაც გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. პოლიტიკური კონტექსტი შარშანდელი ივნისის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ სტატუსს მივიღებთ. უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად, წინა წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.