სებ-ში პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - კობახიძე

10.06.23 15:33
სებ-ში პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისია, რომელიც მმართველი გუნდითვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სებ-ში იმავე ვითარებას შეინარჩუნებს, ამაზე პასუხისმგებელი "ოცნება" იქნება. ამიტომ, კობახიძე ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურება კანონპროექტიც, რომელიც მმართველამ გუნდმა მიიღო და რომელთან დაკავშირებითაც ვეტოს დაძლევაა საჭირო.

„ჩვენ საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ეროვნულ ბანკში ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დავუშვებთ. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის შექმნილი ხელოვნური კრიზისია. ეს გამოიხატება იმით, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეგნებულად არ წარადგენს. კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არცერთი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. ის ეროვნულ ბანკში კრიზისული ვითარების შენარჩუნებას აპირებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, როდესაც სავალუტო კრიზისი და დევალვაცია იყო, ყველა მმართველი პარტიისკენ იშვერდა ხელს. ახლაც, როდესაც ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზეა საუბარი, რაც შეიძლება მარტივად განვითარდეს, თუ პრეზიდენტი იმავე ვითარებას შეინარჩუნებს, ამაზე, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები. სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი არ დავუშვათ. ამას ემსახურება კანონპროექტიც, რომელიც მივიღეთ და რომელთან დაკავშირებითაც ვეტოს დაძლევა დაგვჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. 

მსგავსი სიახლეები