ქვეყნის მთავარი ოლიგარქი ივანიშვილი იყენებს უკანონო მეთოდებს, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი - ბოკუჩავა
"ქვეყნის მთავარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იყენებს უკანონო მეთოდებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი", - ასე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი იყენებს მინისტრებს, საბჭოთა კომისარ თეა წულუკიანს, რომ აკონტროლოს კულტურის სფერო, ასე იყენებს შალვა პაპუაშვილს და დაჩი ბერაიას, რომ პარლამენტის წევრები დარბაზებიდან გაყაროს.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება ვერ ჩაითვლება 12 რეკომენდაციის შესრულებად.
„მინდა შევეხო ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, რომელიც არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, მოწოდება არის ძალიან მარტივი, მოწოდება არის ძალიან პირდაპირი და არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, იმიტომ, რომ ის ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს, ის ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ის ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ვციტირებ: "კანონპროექტი, რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ ერთი მოსმენით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას და შესაბამისად ის ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, იყენებს უკანონო მეთოდებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი, იყენებს, მათ შორის, მინისტრებს, საბჭოთა კომისარ თეა წულუკიანს, რომ აკონტროლოს კულტურის სფერო, გიყენებთ თქვენ, ბატონო შალვა და საბჭოურ მეთოდებს, რომლებსაც თქვენ და ბატონი ბერაია მიმართავთ, რომ პარლამენტის წევრები გაყაროს დარბაზებიდან",- განაცხადა ბოკუჩავამ.