საქართველოში ლგბტ პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, რწმენის გასანადგურებლად და სინდისის გასაქრობად სურთ - ხუნდაძის თავდასხმა ელჩებზე
დიმიტრი ხუნდაძის თავდასხმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებზე.
"ხალხის ძალის" წევრმა პარლამენტის ტრიბუნიდან დიპლომატებს უთხრა, რომ ისინი "ქვეყანაში სტუმრები არიან". ხუნდაძემ მაღალი რანგის ელჩები ლგბტ პროპაგანდის მფარველობაში დაადანაშაულა.
მისივე განცხადებით, საქართველოში ლგბტ პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, რწმენის გასანადგურებლად და სინდისის გასაქრობად სურთ და თუ ლგბტ თემას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში "შანტაჟის იარაღად" გამოიყენებენ, საზოგადოებისგან პასუხი "შესაბამისი" იქნება.
მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს.
ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ „ლგბტ“ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.