კრიტიკის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
81 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას დაჩქარებული წესით განხილვითა და მეორე მოსმენით დამტკიცებით უპასუხა.
იმის მიუხედავად, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდა, უარი ეთქვა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დამტკიცებაზე და რეკომენდაცია იყო, რომ ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად სისტემური ზომები გაეტარებინა, მმართველმა გუნდმა საპირისპირო გააკეთა.
მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღის ბოლოს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დარბაზში რეალურად ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის აღარ იყვნენ.