დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტში - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კანონი მისაღები იყო, რადგან დეოლიგარქიზაცია სტატუსის მისაღებად 12 პირობას შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
მმართველი პარტიის წევრები დღეს დილიდან აცხადებენ, რომ მეორე მოსმენით მიღების მიუხედავად, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ ექნებათ.
კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის წევრების თქმით, "ევრორეკომენდაცია და ვენეციის კომისიის შეფასებები ერთმანეთთან ჰარმონიაში არ არიან".
მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიმართება დისკუსია და მსჯელობა, ოღონდ რასაკვირველია, ეს არ იქნება საკმარისი მსჯელობა და დისკუსია მხოლოდ საქართველოს პარლამენტში.
პრიორიტეტს რა თქმა უნდა წარმოადგენდა საქართველოსთვის გადაწყვეტილების მიღება 12 პუნქტთაგან ამ ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვფიქრობ აბსოლუტურად მართებული" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, თუკი ევროკომისია საქართველოს ხელსიუფლებას ეტყვის, რომ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ არარელევანტურია, მმართველი პარტია კანონპროექტს ჩახსნის:
თუკი ევროკომისია გვეტყვის, რომ აღარ არის რელევანტური და მათ არ სურთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი კანონმდებლობა, ბუნებრივია ჩვენ ამას იმ დროულადვე ჩავხსნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივია ეს კანონი იქნება მიღებული, ოღონდ ძალაში ამას შევიყვანთ მარტისთვის" - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
იგივე პოზიცია აქვს ანრი ოხანაშვილსაც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ შესაბამისი რეკომენდაციების არსებობის შემთხვევაში კანონი არ ამოქმედდება.
"თუკი ევროპული კომისია ამ საკითხს მოხსნის დღისწესრიგიდან დეკემბერში, ეს კანონი არ იქნება ამოქმედებული და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ შესავლის პროცედურების დაცვით ეს კანონი გაუქმდეს. ეს არის ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ერთისმხრივ ჩვენ ევროკომისიის რეკომენდაცია შევასრულოთ და მეორესმხრივ ასევე ვენეციის კომისიის რჩევა გავითვალისწინოთ. როდესაც დღისწესრიგში არის გათვალისწინებული საკითხი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს განხილული და შესაბამისად ეს არ ყოფილა რაღაცა ექსტრაორდინარული სიტუაცია" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას დაჩქარებული წესით განხილვითა და მეორე მოსმენით დამტკიცებით უპასუხა.
იმის მიუხედავად, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდა, უარი ეთქვა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დამტკიცებაზე და რეკომენდაცია იყო, რომ ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად სისტემური ზომები გაეტარებინა, მმართველმა გუნდმა საპირისპირო გააკეთა.
მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღის ბოლოს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დარბაზში რეალურად ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის აღარ იყვნენ.