რამ გამოიწვია სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

07.08.23 12:06
რამ გამოიწვია სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს

დოკუმენტის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და "მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია".

დასკვნები

1. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას
დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში
მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც
შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც
წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ.
ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და
ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ,
მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა,
მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც
დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;
2. მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის
მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:
- სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ.
ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);
- 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე
ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;
3. ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის
სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ
მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება
პრაქტიკულად შეუძლებელია;
4. მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე
სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის
ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის," - წერია დოკუმენტში.


რაჭაში, შოვის სტიქიამ ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი იმსხვერპლა - მათგან იდენტიფიცირებულია 12. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება 17 დაკარგულის საპოვნელად.

მსგავსი სიახლეები