„შიში ნთქავს სულს“ - გერმანული მედია თეა წულუკიანის რეპრესიებზე წერს
თეა წულუკიანის რეპრესიების ამბავი ქვეყნის ფარგლებს გასცდა - კრიტიკულ წერილს საქართველოზე გერმანული გამოცემა აქვეყნებს. ჟურნალისტი პირდაპირ წერს, რომ საქართველოში კულტურულ ცხოვრებაზე სახელმწიფოს ზეწოლა სულ უფრო აშკარად იგრძნობა.
წულუკიანი ივანიშვილის ფავორიტ მინისტრადაა მოხსენიებული, რომელიც პროფესიონალ კადრებს სამსახურიდან უშვებს და სისტემას პარტიული აქტივით აკომპლექტებს.
ვრცელი სტატია იწყება გაგა ჩხეიძის ისტორიით, რომელიც კულტურის მინისტრმა კინოცენტრიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ რუსეთის ომი დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
მინისტრმა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კინოცენტრის დირექტორმა დაგმო რუსეთის ომი და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. თუმცა მინისტრს არაფერი უთქვამს ამ ფაქტის შესახებ და მისი გათავისუფლების მიზეზად კინოცენტრში არსებული დარღვევები დაასახელა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ხელოვანები, დიდ სოლიდარობას იჩენენ უკრაინის მიმართ. მითუმეტეს, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით ოცი პროცენტი. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომლის დამფუძნებელმა ივანიშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში იშოვა, არ სურს ძლიერი მეზობლის გაღიზიანება. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ოლიგარქის დაკვეთას ასრულებს და ბოლომდე ლოიალობას ინარჩუნებს პუტინის რეჟიმის მიმართ," - წერია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის მინისტრი რეპრესიებს ახორციელებს და პროფესიონალ კადრებს უშვებს და ამის არაერთი მაგალითი აქვთ მოყვანილი - ბოლო საკადრო ცვლილებით, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის ნატაშა ლომოურის "ქართული ოცნების" დეპუტატით ჩანაცვლებითა და მათ შორის საკადრო წმენდით ხელოვნების მუზეუმში და ხელმძღვანელის ეკა კიკნაძის გათავისუფლებით.
„შიში ნთქავს სულს“ – ასე ეწოდება დიდი გერმანელი რეჟისორის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმს, რომელიც დღევანდელი საქართველოს მეტაფორადაც შეიძლება „ვთარგმნოთ“. ეს შიში თანდათან ემუქრება და იპყრობს ხელოვნებისა და შემოქმედებით სივრცეს. განსაკუთრებით, საქართველოს ხელისუფლების კულტურის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც მხოლოდ აწყობილი, გამართული ინსტიტუციების ნგრევას ემსახურება და არა მათ განახლებას და ტრანსფორმაციას," - წერია სტატიაში.