ვინ არღვევს კონსტიტუციას - პრეზიდენტი თუ პრემიერი? - ვახტანგ ხმალაძის განმარტება
ვინ არღვევს კონსტიტუციას - პრეზიდენტი თუ პრემიერი? - კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „დღის ამბებში“ კონსტიტუციის იმ მუხლებზე საუბრობს, რომლითაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში დავა დაიწყოს.
ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის დაწყება მმართველ ძალას შეუძლია, თუმცა, ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მმართელ ძალას 100 ხმის მობილიზება პარლამენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად გაუჭირდება.
პრეზიდენტის დასჯის ერთადერთი კონსტიტუციური გზა არსებობს - იმპიჩმენტის გამოპცხდადება - ჯერ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში.
დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ამაზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როცა გვეცოდინება, რა ისაუბრა პრეზიდენტმა ამა თუ იმ შეხვედრაზე. თუ პრეზიდენტმა იქ თქვა, რომ ის გამოხატავს სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას, ეს იქნება დარღვევა. მაგრამ თუკი პრეზიდენტმა გამოხატა მხოლოდ თავისი პოზიცია და გამოჩნდა ამ შეხვედრის შინაარსიდან, ჩემი აზრით, ეს არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა. ამ აზრის სისწორეს დაადასტურებს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო, მხოლოდ მას აქვს სამართლებრივი ექსპერტიზის უფლება, მხოლოდ მას აქვს უფლება თქვას სმართლებრივი თვალსაზრისით დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს, თუ არ დაიწყო პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესი ან პრეზიდენტის მიმართ ან პრემიერმინისტრის მიმართ, იმიტომ, რომ ასეთმა მოსაზრებამაც გაიჟღერა, რომ ხომ არ დაარღვია მთავრობამ კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომ ყველა ზომა მიიღონ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩემი აზრით, სრულიად უპერსპექტივოა, ვინაიდან პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას სჭირდება 100 ხმა და ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტში დღეს მოიძებნოს 100 წევრი, როელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას,“ - ამბობს ხმალაძე.
ჯდება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ევროპული ტურნე კონსტიტუციის დარღვევის კრიტერიუმებში - როგორც ხმალაძე ამბობს, აქ უმთავრესია, როგორ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი შეხვედრების დროს - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, თუ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. რადგან ხმალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის სახელით საუბარი შეუძლია მხოლოდ იმ დროს, როცა მას პრემიერის თანხმობა აქვს ვიზიტებზე.
ჩვენ გვაქვს 52-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. რას ნიშნავს ეს - როდესაც პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას მოქმედებს მთავრობის თანხმობით, ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერ შეხვედრაზე, კონფერენციაზე თუ რაიმე საერთაშორისო ურთიერთობის ფარგლებში გამართულ რაიმე ფორუმზე პრეზიდენტი, როდესაც გამოდის, შეთანხმებული მთავრობასთან იმ საკითხების გამო, რაზეც პრეზიდენტი ისაუბრებს - ანუ პრეზიდენტი გამოხატავს, როგორც საკუთარ, ასევე მთავრობის პოზიციას და ამ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს მთავრობის პოზიციას იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს.
თუ პრეზიდენტს არ აქვს ასეთი თანხმობა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. შეიძლება თუ არა და აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, რომ მან გამართოს რაიმე შეხვედრები და გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, აქვს და აი, რატომ - პრეზიდენტისთვის არავის აუკრძალავს ის, რომ საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე," - ამბობს ხმალაძე.