ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე ინფორმირებულია - ჩუგოშვილი

01.09.23 14:16
ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე ინფორმირებულია - ჩუგოშვილი

"სრულიად ცხადია, რომ ივანიშვილი ინფორმირებულია, ეჭვიც არ მეპარება ამაში. ყველა მნიშვნელვანი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის, მისი გადაწყვეტილებაა... ცხელი გადაწყვეტილებაა," - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის დაწყების გადაწყვეტილება ივანიშვილის მითითებით, მმართველმა გუნდმა ბოლო ორ დღეში მიიღო.

თამარ ჩუგოშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რამდენიმე ფაქტის გამო - ერთი, პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ბლოკავს და მეორე, თავად არ აქტიურობს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოს. ჩუგოშვილისთვის მმართველი პარტიის არგუმენტი მიუღებელია, რომ თითქოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციების გასახმოვანებლად არის სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან წასული.

არსებობს ხალხი, რომელიც ჩადის იმ კაბინეტებში და ეუბნება, რომ არ უნდა მიიღოს საქართველომ სტატუსი, მაგრამ არსებობენ და პრეზიდენტი ნამდვილად არ არის ეს, იმ ხალხმა გადასარევად იცის, რომ ჩადის პრეზიდენტი, რას ეუბნება. პირიქით, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაარწმუნოს, რომ არის ხალხი, რომლისთვისაც დასავლური ინტეგრაციის გზა ღირებულია," - ამბობს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების რიგებში აღმოჩნდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც "ოცნების" შემოტანილ იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერს. ჩუგოშვილი თვლის, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ეს პროცესი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.

არ გამოვრიცხავ, რომ აღმოჩნდეს, ისინი რადიკალურ ოპოზიციას რომ ეძახიან და სინამდვილეში მათი პარტნიორები რომ არიან, აღმოჩნდეს ხალხი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აღმოვაჩინოთ, რომ დაემთხვა. შეგვიძლია დავუშვათ რომ ასეთი რამ მოხდეს და მეორე, თუ არ ეყო - 100 ხმა თუ არ მოგროვდა და ოპოზიციამ არ მისცა მხარი იმპიჩმენტს, ორი თვე ექნებათ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მივიღოთ, რომ კიდევ უფრო გავურთულოთ ევროკავშირს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება," - ამბობს ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი პარტია ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება და ფორმალურ საფუძვლად იყენებს კონსტიტუციას. რადგან, როგორც ჩუგოშვილი ამბობს, კონსტიტუცია დარღვეული აქვს პრემიერსაც, მთავრობის კაბინეტის წევრებსაც, თუმცა, პარლამენტს ამ შემთხვევებში კონსტიტუციის დარღვევის საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურა არ დაუწყია.

ძალიან საინტერესოა, რომ იმპიჩმენტის ფორმალური საფუძველი არსებობს ძალიან დიდი ხანია მთავრობის წევრების მიმართ - პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ყველა წევრს დარღვეული აქვთ კონკრეტული მუხლები, როგორიც არის, მაგალითად, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემა დროულად და სრულად, გვაქვს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში - ვინც ამას არ ასრულებს უნდა დაექვემდებარონ ფორმალურად იმპიჩმენტის საფუძველს - არ გვინახავს ასეთი, ამ შემთხვევაში კონსტიტუციის დარღვევა პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ინტერპელაცია ასევე კონსტიტუციური პროცედურაა, იყო დარღვევის შემთხვევები - ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და წესით, უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი, თუ პარლამენტი ამას საჭიროდ ჩათვლის - არ გვინახავს ასეთი.
 

სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ წარმოუდგენელი რამ, რაც იყო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელოვნურად დაბრკოლებების შექმნა, ამით კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ, რომ ოპოზიციას არ მიეცა შესაძლებლობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაეცვა და საგამოძიებო პროცესი ჩაეტარებინა - ამ უმრავლესობისგან ჩვენ ნანახი გვაქვს არა მხოლოდ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, არამედ ნანახი გვაქვს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე ნული რეაგირება,“ - ამბობს ჩუგოშვილი.