პრობლემა ფუნდამენტშია - რას წერს მელია უგულავას
გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსს ნიკა მელიამ სოციალურ ქსელშივე უპასუხა - "პრობლემა ფუნდამენტშია" - წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გიგი უგულავას სტატუსის კომენტარში.
გიგი, პატივისცემით - მსგავსებაც ბევრია და განსხვავებაც. პრობლემა კი ფუნდამენტშია...
არ დავწერდი პასუხს, რომ არა ეს ჩემთვის გაუგებარი შედარება - ნებით წასვლასა და წასვლის იძულებას შორის, იგივე იმედა კევლიშვილის მაგალითზე.
მაშინდელი წამსვლელები ძალიან ჰგვანან დღევანდელ მომსვლელებს - copy paste.
ხოლო ის ხალხი, ვის პროცესიდან "ჩახსნასაც" ცდილობს ე.წ "ახალი მენეჯმენტი", დიდი ნაწილი ის ხალხია ვინც დარჩა და ერთგულად იბრძოლა, არა სიისა და პრივილეგიებისათვის, არამედ იდეისა და გამარჯვებისავის, ამიტომ ღირებულებითი კრიზისი ცოტა სხვაგან ვეძებოთ- მაგალითად ყრილობაში, რომელმაც დანიშნა პოლიტსაბჭო და ხალხი მოსაზრებების გამო "გამოყარა"...
აქ არის ზუსტად ის ფუნდამენტური სხვაობაც, ამიტომ სანამ საჯაროდ ერთობაზე ვისაუბრებთ, ერთობის ფუნდამენტზე ვთქვათ ერთი ორი სიტყვა და სადღეგრძელოებზე სანამ გადავალთ, შევაფასოთ ამ პროცესის დემოკტარიულობა, მისაღებია?! ესეთი დემოკრატია გვინდა ქვეყანაშიც?! - ასე არაფერი გამოვა და ამას ხალხი არ მიიღებს და მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი - გამორიცხულია და ამაში მთლიანად ვარ დარწმუნებული.
პ.ს. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, ერთმანეთთან ლაპარაკში, ხალხთან საუბარი და მათი მოსაზრების მოსმენა, გათვალისიწინება და მათი ინტერესის ასახვას ბევრი ივიწყებს
გაუგებარია, ამოცანა იყოს ხელისუფლების ცვლილება და ამის ფონზე, აპრიორი ელექტორალურად წამგებიანი კომბინაციის შეთავაზება უნდოდეს მავანს საზოგადოებისათვის, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს კი არ მოიმხრობს, გადაწყვეტილს განიზიდავს და ეს პროცესი უკვე სრული სვლით არის ამოქმედებული"- წერს მელია.
გიგი უგულავა წერს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ 2021 წელს დაბრუნდა და არსად წასვლას არ აპირებს.
პოლიტიკოსი პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და წევრების დატოვებას ეხმაურება. ~
უგულავას თქმითვე, პარტიის თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და ამ ფაქტის ვერმიღების გამოა ამ პარტიაში 10-წლიანი დაპირისპირება.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თელავის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა და თქვა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა ნიკა მელიას მხარდაჭერა არ აპატია.
ფაქტი ნიკა მელიამაც შეაფასა და დაწერა, რომ გაავრცელა განცხადება, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო დევნიან.