პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხელს არ მოვაწერთ - გახარიას მიმართვა

01.09.23 15:29
პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხელს არ მოვაწერთ - გახარიას მიმართვა

"ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება. 

"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერი იმ მოტივებზე საუბრობს, რაც შეიძლება მმართველი გუნდის განზრახვის მიღმა იყოს. ვიდეომიმართვაში გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.

ამის გარდა, გიორგი გახარია "ოცნების" წევრებს მიმართავს კითხვით - "რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად, დიდი წვლილი გვაქვს მიღებული".

"ქართული ოცნების" მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს.

პირველი - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მეორე - ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც , რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია "საქართველოსთვის", რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ "ოცნებაში", მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ 2012 წელს გამარჯვების შემდგომ რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს, რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად, დიდი წვლილი გვაქვს მიღებული," - ამბობს გახარია.