აშკარაა, რომ კონსტიტუციას არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი პარტია არღვევს - კუბილიუსი "პირველებთან"
"პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის მიზანმიმართული მცდელობა მმართველი პარტიისა მოკლას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი," - ასე აფასებს "პირველებთან" ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ოცნების" მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, სწორედ ხელისუფლება უკეთებს საბოტაჟს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციას არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა არღვევს.
კუბილიუსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით რუსეთი კმაყოფილია.
ეს არის "ქართული ოცნების" მიზანმიმართული პოლიტიკა. პრეზიდენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უკმაყოფილოა პრეზიდენტის ამ წარმატებული აქტივობების. ამიტომაც დაიწყეს, ვიტყოდი, ანტიეროვნული და სულელური ნაბიჯების გადადგმა. ახლა ჩავხედე საქართველოს კონსტიტუციას, პარაგრაფი 49, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებს და პარაგრაფი 52. ჩემთვის აშკარაა, ვინ არღვევს კონსტიტუციას, ეს არის მთავრობა და მმართველი პარტია. ეს არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ეროვნული ინტერესების დარღვევაცაა. არა ზურაბიშვილი, არამედ "ქართული ოცნება" ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს. ამ ინიციატივით აჩვენებენ, რომ ევროპული პოლიტიკური კოალიციები მათთვის მისაღები არ არის. ისინი არ მოქმედებენ ევროპულად და თავს ესხმიან პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთავრობა კი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს. კრემლი კი ბედნიერია," - ამბობს კუბილიუსი.