გაემიჯნება თუ არა კულტურის სამინისტრო რუსულ ფესტივალს - წულუკიანის უწყება ქართველი მწერლების მოთხოვნას არ პასუხობს
გაემიჯნება თუ არა კულტურის სამინისტრო რუსულ ფესტივალს - წულუკიანის უწყებას ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ილუსტრატორების ღია წერილისთვის ჯერ არ უპასუხია.
150-ზე მეტი ადამიანი კულტურის მინისტრს მიმართავს, უარი თქვას მოსკოვის საბავშვო ფესტივალზე. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ბავშვების მკვლელი სახელმწიფოს ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაუშვებელია.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთთან ვრაიმე ფორმით ასოცირება - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსულ საბავშვო ფესტივალს. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ წერილით გავაპროტესტეთ ეს ფაქტი, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი, აქ მთავარია, დაფიქსირდეს სახელმწიფოს პოზიცია. კულტურის სამინისტრომ და ზოგადად, უსაფრთხოების სამსახურებმა გამოიკვლიონ, რა ორგანიზაციაზეა საუბარი, როგორ მოხდა ის რომ ეს ორგანიზაცია საქართველოს სახელით გადის რუსეთში გამართულ რაღაც ღონისძიებაზე და ამით საერთაშორისო დონეზე ჩვენს ავტორიტეტს ზიანს აყენებს. მაშინ როდესაც დღესაც, უამრავ ბავშვს იტაცებენ და ხოცავენ უკრაინის ტერიტორიაზე, ძალიან ცინიკურია საბავშვო წიგნის ფესტივალზე საუბარი და მათ შორის როცა ქართველი ბავშვებიც არიან დახოცილები, საქართველოში რუსეთის თავდასხმის შედეგად, ძალიან ცინიკურია, ინფორმაცია თითქოს რომ ქართველი მწერლები მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში "- თქვა გვანცა ჯობავამ.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას ლიტერატურის სფეროში დასაქმებულები მოუწოდებენ, იხელმძღვანელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით და აკრძალოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება და პუტინის პროპაგანდას ემსახურება.
საუბარია, ორგანიზაცია "აზბუკაზე", რომელიც მწერლების ინფორმაციით ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას.
ბესო სოლომონაშვილი ფაქტს "კულტურის" დივერსიას უწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი სექტემბრის დასაწყისში იმართება, რომლის ორგანიზატორების განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც.