"დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის"- როგორ აღიქმება ბრიუსელში "ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება

02.09.23 16:15
"დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის"- როგორ აღიქმება ბრიუსელში "ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება

რას ფიქრობენ ბრიუსელში "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაწყებაზე? - ევროპის პოლიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი "პირველებს" ეუბნება, რომ პრეზიდენტზე შეტევა ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელ ქმედებად აღიქმება. 

თეონა ლავრელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის სურვილს ადვოკატირება გაუწიოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას: 

იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ბრიუსელისთვის და ამ პოლიტიკური წრეებისთვის აღიქმება როგორც დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის. მითუმეტეს, მიზეზად სახელდება ევროპული ტურნე, რომლის მიზანიც არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადვოკატირება და ლობირება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. 

ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ძალიან ცუდად ემთხვევა ეს ყოველივე. 

მთავარი ფაქტორი რაც იქონიებს გავლენას საქართველოსთვის მიიღოს თუ არა მან კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება სწორედ იმ პროგრესის ზომა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ან ვერ მივაღწიეთ"- აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის საბოტაჟად აფასებენ ქართველი ექსპერტებიც. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. 

სპეციალისტების შეფასებით, "ქართულ ოცნებას" კარგად აქვს გააზრებული, რომ თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება, შესაბამისად, მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს: 

მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ცდილობენ, კანდიდატის სტატუსი არ მიიღონ. ამას რა თქმა უნდა პირდაპირ ვერ იტყვიან, უნდათ, რომ ევროკავშირმა თქვას რომ არ გაძლევთ და მერე მთელი კამპანია იქნება აწყობილი, ყველას დაგვაბრალებენ რომ ჩვენი ბრალია  და არა მათი"- თქვა ნოდარ ხარშილაძემ. 

მისი თქმით, "ოცნებას" ის პრეზიდენტი აღარ მოსწონს, რომელსაც "ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები უყიდა".