პრეზიდენტთან არ ვვაჭრობთ! - ენმ
"სრული აბსურდია ზურაბიშვილის იმპიჩმენტის და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყო.
ანა წითლიძის თქმით, კობახიძის მუქარის შემდეგ ზურაბიშვილისთვის პირობები არ წაუყენებიათ. დეპუტატის თქმით, ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ:
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ქოცების მიერ შეგნებულად შემოგდებული საკითხი, რომლის მთავარი მიზანი ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟია.
ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილს, თუ ის პოზიციონირებს ისე, რომ იცავს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, თუ ის პოზიციონირებს ისე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ მას უნდა ესმოდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, ნომერ პირველი პოლიტიკური მპატიმრის, თანამედროვე სახელმიწფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და შეიწყალოს ის"- ამბობს წითლიძე.
გერმანული მედიის ინფორმაციას და "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებას პასუხობს ბაჩო დოლიძეც. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის ნაწილია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილთან.
მე მინდა, მშვიდად იყოს აბსოლუტურად ყველა, განსაკუთრებით "ქართული ოცნება" ჩვენ ნამდვილად არ შევდივართ არავითარ გარიგებაში მათთან და ის სპექტაკლი რაც მათ მოაწყეს იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ა.შ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მათი წიაღის ნაწილი. შეიძლება კონფრონტაციაში ყოფილიყო ღარიბაშვილთან, მდინარაძესთან თუ სხვებთან, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილთან" - ამბობს ბაჩო დოლიძე.
გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იმპიჩმენტს არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.
გამოცემის ინფორმაცია დღეს "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის თავდასასხმელად გამოიყენა და თქვა, რომ "გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იმპიჩმენტს არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს".