"ოცნების" იმპიჩმენტი პრეზიდენტს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს
"ოცნების" იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტის კენჭისყრამდე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს.
რა იქნება საუბრის თემა და მოითხოვს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას - ბეჟაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ამ თემით არ მოხდება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ დრომდეც აფიქსირებდნენ და კვლავ დააფიქსირებენ პრეზიდენტთან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამ მოცემულობით ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებს.
სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ახლა ვერ დადგება იმიტომ, რომ სულ მუდამ დღის წესრიგში არის, ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე ჟღერდება ენმ-ის წარმომადგენლების მხრიდან, ამიტომ ახალი ამაში არაფერი იქნება.
იმპიჩმენტის პროცედურის დროს ჩვენ გვექნება შესაბამისი კონსულტაციები ასევე პრეზიდენტთან, მაგრამ ამ საკითხის დაკავშირება ახლა უმართებულო იქნება საკითხის აქტუალობიდან და შინაარსიდან გამომდინარე.
იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელების დროს ბუნებრივი არის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეს კონსულტაციები პრეზიდენტთან, ეს ჰიპოთეზური მსჯელობა არის, წინასწარ განსაზღვრული და დადგენილი ეს გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან - იქნება ეს შეხვედრა, იქნება პარლამენტში მოსვლა, მოხსენება, გაჟღერდება ენმ-ის მთავარი მოთხოვნა - დღეს ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, რუსული რეჟიმის პოლიტიკური ტყვე მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს გაწევრიანება და სტატუსის მიღება ამ მოცემულობით არის წარმოუდგენელი, ამიტომ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.