პროდუქტი არ გაიაფდება, საწვავი გაძვირდება - რა გზავნილით მივიდა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფი პარლამენტში

28.09.23 13:59
პროდუქტი არ გაიაფდება, საწვავი გაძვირდება - რა გზავნილით მივიდა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფი პარლამენტში

"პროდუქტი არ გაიაფდება, საწვავი გაძვირდება" - ამ გზავნილით მივიდა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე პარლამენტში, რომელმაც 2022 წლის ანგარიში უნდა წარადგინოს.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ  საწვავის ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია.

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება და თუ შევადარებთ იმ მინიმუმს, რომელიც თვის დასაწყისში იყო, დაახლოებით ლარის ფარგლებშია საწვავი გაძვირებული. ამისი მთავარი მიზეზი არის, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები. პროგნოზებს, რაც შეეხება, ოქტომბრის თვეს ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით. გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გარკვეული პერიოდი ალბათ, შეიძლება, ფასის კორექტირებას ზრდის მიმართულებით ისევ ველოდოთ - აღნიშნა ლექვინაძემ.

კითხვას, გაიზრდება თუ არა პირველადი და ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასები, ლექვინაძე პასუხობს, რომ საწვავის ფასის მატებას შესაძლოა, გადამდები გავლენის ეფექტი ჰქონდეს სხვადასხვა პროდუქტებზე, თუმცა ამ ეტაპზე, მკვეთრ ცვლილებას არ ელოდებიან.

პერიოდულად ჩვენ გარკვეულ ანგარიშებს ვაკეთებთ, ვუყურებთ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს პირველადი და ძირითად მოხმარების პროდუქტებთან მიმართებით. ამ ეტაპზეც, ჩვენ გარკვეულ შიდა ანგარიშებს ვახორციელებთ წინასწარი მონიტორინგის ფარგლებში. ბუნებრივია, რაიმე არაჯანსაღს თუ დავინახავთ, ამის შესახებ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, ერთადერთი ფასების ზრდის პროცესი, რაზეც იზრდება, ეს არის საწვავი, რომელსაც შეიძლება გადამდები გავლენის ეფექტი ჰქონდეს სხვადასხვა პროდუქტებზე. ამ ეტაპზე, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით - განაცხადა ლექვინაძემ.

მსგავსი სიახლეები