მოსამართლეების უმრავლესობის გადაწყვეტილება არის მმართველი ძალის პოლიტიკური ხაზის გაგრძელება - ჩუგოშვილი

16.10.23 18:28
მოსამართლეების უმრავლესობის გადაწყვეტილება არის მმართველი ძალის პოლიტიკური ხაზის გაგრძელება - ჩუგოშვილი

"ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ პროცესი სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო," - ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, სასამართლო სხდომებზე პარლამენტმა ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეშლას დაადასტურებდა, თუმცა სასამართლომ "ოცნების" პოზიცია სრულად გაიზიარა.

ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო "პოლიტიკურ მხარედ" იქცა და ახლა პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობენ იმის გამო, რომ ზურაბიშვილი ყველანაირი რესურსის გამოყენებას ცდილობდა იმისთვის, რომ ქვეყანას სარგებელი ენახა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან საფუძვლად იმპიჩმენტის პროცესს დაედო 3 შეხვედრა - 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, 1 სექტემბრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, ამ შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს. სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულა, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით სტატუსის მინიჭების საკითხს ხელი შეუშალა.

ძალიან ნათლად არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ამ შეხვედრების შინაარსი იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების. როგორც მმართველი პარტია ამბობს, მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ სალომე ზურაბიშვილი გადააყენონ იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა. ამას წყალი არ გაუვა, საპირისპიროს მამტკიცებელი არანაირი საბუთი საქმეში არ არსებობს.

ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო და არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე. პრეზიდენტი ჩვენ მიერ იყო წარმოდგენილი, იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაზრდილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. მას იმპიჩმენტს უწყობენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ყველანაირი რესურსი გამოეყენებინა ქვეყნისთვის. მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები