8-ში დაძაბულობა თუ იქნება, ჩვენ მობილიზება დაწყებული გვაქვს - მორგოშია სამხედრო საბჭოს შექმნას აანონსებს
8 ნოემბერს დაძაბულობა თუ იქნება, ჩვენ მობილიზება დაწყებული გვაქვს - კოკა მორგოშია სამხედრო საბჭოს შექმნას აანონსებს
პრორუსული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ "ანტიმაიდანის" ორგანიზაცია მოახდენს ხალხის იმხელა მასის მობილიზაციას, რომელიც მაიდანს გააჩერებს უპრობლემოდ.
რვაში არის ასე ვთქვათ, ევროსაბჭო დადებს შუალედურ დასკვნას. თუ რამე დაძაბულობა იქნება, ჩვენ მობილიზება უკვე დაწყებული გვაქვს. თუ ანტიმაიდანი შედგება და საქართველოს სტრუქტურები ვერ გაუმკლავდებიან, "ანტიმაიდანის" ორგანიზაცია მოახდენს ხალხის იმხელა მასის მობილიზაციას, რომელიც მაიდანს გააჩერებს უპრობლემოდ. შევქმნათ სამხედრო საბჭო, უკვე მოლაპარაკებულები ვართ სამხედრო ექსპერტებთან და ძალოვნებთან. ჩვენ გთავაზობთ, თუ როგორ უნდა დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე - ამბობს მორგოშია.
მცხეთაში, პრორუსული ძალების შეკრება მიმდინარეობს. რადიკალები არ მალავენ, რომ რვა ნოემბრისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" ყოფილი სახეები და "ოცნების" მხარდამჭერი მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატიც - ამ წუთებში, დახურულ კარს მიღმა ალაგებენ გეგმებს, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ოთხშაბათს ხალხი ქუჩაში გავა.
ეს ბოლო ერთ თვეში უკვე მეორე დიდი საფრთხის შემცველი შეკრებაა, თუმცა ამ დრომდე სუს-ი სრული უმოქმედობის რეჟიმშია გადასული. ლილუაშვილის უწყებას ფაქტობრივად არ აინტერესებს - რას განიხილავენ დახურულ კარს მიღმა მყოფი, 5 ივლისის შემოქმედი ადამიანები.