„ნაცმოძრაობა“ იშლება და ეს არ არის შემთხვევითი, არის ასეთი გეგმა, რომ ენმ ქვევით დაწიონ, რომ სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ - კობახიძე

"ნაცმოძრაობა იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის ის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ ენმ ქვევით დაწიონ, რომ სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.
კობახიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიის დაშლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ "სხვა ფრთა" გაძლიერდეს. "სხვა ფრთაში" კი "ოცნების" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს, ნინო ლომჯარიას, ხაზარაძესა და გახარიას გულისხმობს და დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ ბლოკს შექმნიან.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გადადგება.
შესაბამისად, ამას უკავშირდება ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე, როგორიც არის ხაბეიშვილი, დანარჩენი პროცესები, რაც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან. ეს არის მიზანმიმართული პროცესი, მიზანია, რომ დაბლა დაწიონ პარტია ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ გააძლიერონ ნაცმოძრაობის სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია პარტია ნაცმოძრაობა. ძირითადად, ეს არის ის ბლოკი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება,“ - ამბობს კობახიძე.