ზედმიწევნით ვასრულებთ შეთანხმებას - "ოცნება" მოსამართლეთა დანიშვნის წესზე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული ჰქონდათ მიშელის დოკუმენტის პირობებით, ზედმიწევნით კარგად ასრულებს. პარტიის ლიდერები გაურბიან კითხვას, მაშინ რატომ მოხვდა სენატის რეზოლუციაში არჩევნების და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები. თალაკვაძე ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი სასამართლოების შესახებ "ოცნებამ" უკვე შეასრულა.
პუნქტი მიშელის შეთანხმებაში რაც იყო მოცემული, რომ დროებით შეჩერებულიყო პროცესი, ჩვენ ეს შევასრულეთ, გახსოვთ კარგად ის 2 თვე, ეს პროცესი შეჩერდა, შევიდა კანონში ცვლილებები ასევე ასევე მიშელის შეთანხმების თანახმად და მხოლოდ მერე გაგრძელდა. ეს რეკომენდაცია შესრულებულია", - ამბობს თალაკვაძე.
თალაკვაძის მსგავსად, შალვა პაპუაშვილიც ამბობს, რომ "ოცნება" მიშელის დოკუმენტის პირობებს სრულყოფილად ასრულებს.
ჩვენ შევასრულეთ ეს შეთანხმება და "ქართული ოცნება" ასრულებს ზედმიწევნით ამ შეთანხმებას, შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ უკვე რამდენი რამე არის შესრულებული. " ქართული ოცნება" აქამდეც და ამის შემდეგაც სიტყვა-სიტყვით და ზედმიწევნით შეასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სენატმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, აშშ საქართველოსგან საარჩევნო რეფორმის გატარებას ითხოვს, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველჰყოფს. სენატი ასევე საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება და დაადასტურონ სენატის მხარდაჭერა საქართველოსთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები.