პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია - თემურ მღებრიშვილი
პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია - განცხადება მედიასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასთან გააკეთა.
თემურ მღებრიშვილი დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე უნდა გამოკითხულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ყოველთვის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა“.
"პირველებს" მღებრიშვილმა დაუდასტურა ისიც, რომ ყველა ბრძანებებზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა გაცემული, მისი ხელმოწერაა, თუმცა მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ უკანონოდ მას ხელი არანაირ ბრძანებაზე არ მოუწერია:
"[პირადი ხარჯები არ გაიწეოდა მაგალითად ღარიბაშვილის მოგზაურობისთვის?] პირადი ხარჯები არა. კომპეტენციის ფარგლებში, კანონის შესაბამისად რა თქმა უნდა, ვიმოქმედებდი და დღესაც ასე ვმოქმედებ. კანონის ჩარჩოში რაც გასაკეთებელია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება პროცესზე მოსვლას, როცა დამიძახებენ, რასაკვირველია მოვალ და ვისაუბრებ თუ კი რამე კითხვაა", - თქვა მღებრიშვილმა.
რატომ არის თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვა მნიშვნელოვანი? - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს, (2014 წელი), როცა მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, გაწეული ხარჯები დანაშაული არაა, მაშინ ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებებიც დანაშაული ვერ იქნება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, თუ განკარგულებია გაცემული ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწყება ვალდებულია შეასრულოს დავალება.